აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი “დიდი შვიდეულის” სამიტის წინ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა დიპლომატიურ ნაბიჯს განიხილავს – “პოლიტიკო”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა დიპლომატიურ ნაბიჯს განიხილავს, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ემანუელ მაკრონი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დიპლომატიურ ჟესტად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვერსალის სასახლეში კერძო ვახშმის გამართვას განიხილავს.

მედიის ინფორმაციით, ელისეის სასახლე ვერსალში შეხვედრის ორგანიზებას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართოს. წყაროების თქმით, შეხვედრის მიზანია ტრამპის ყურადღების შენარჩუნება იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპელი ლიდერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის უკრაინაში რუსეთის ომსა და ირანის კრიზისის ეკონომიკურ შედეგებზე.

ამასთან, მედიის ცნობით, სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი უნდა ჩავიდეს, თუმცა, მისი არაპროგნოზირებადი ქცევის გამო, ფრანგული მხარე ცდილობს, დარწმუნდეს, რომ ტრამპი სამიტს ნაადრევად არ დატოვებს.

„ვფიქრობ, მისი მონაწილეობა თითქმის დადასტურებულია“, – განაცხადა მაკრონთან დაახლოებულმა პირმა. მისივე თქმით, ვერსალში ვახშამი ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და სხვა ვარიანტებიც განიხილება.

ვერსალში შეხვედრის შემთხვევაში, ვახშამი 17 ივნისს, სამიტის ბოლო დღეს, დახურულ ფორმატში გაიმართება. ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, მსგავსი ღონისძიების მიზანია ტრამპზე შთაბეჭდილების მოხდენა და მისი კეთილგანწყობის მოპოვება. თუმცა, ევროპაში ეჭვობენ, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს სტრატეგია დღეს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს მკაცრ პოლიტიკას როგორც სავაჭრო საკითხებში, ისე უკრაინისა და ირანის ომებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, მაკრონმა სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვია, რაც დამატებით გაურკვევლობას ქმნის, რადგან ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულად მიიჩნევა.

გამოცემის ცნობით, ევროპელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში არაპროგნოზირებადობის რისკი მუდმივად არსებობს, რის გამოც სამიტის ორგანიზატორები სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან.

იტვირთბა....