აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის აქტის პროექტში საქართველოსთან დაკავშირებით ორი ახალი შესწორება დაამტკიცეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში საქართველოსთან დაკავშირებული ორი შესწორება დაამტკიცა. ორივე ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი, MEGOBARI აქტის თანაავტორი ჯო უილსონია.

ერთ-ერთი შესწორება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და იმ პირების საკითხს ეხება, რომლებიც დოკუმენტში „პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებულებად“ არიან მოხსენიებული. ტექსტის მიხედვით, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს მათი დაკავებისა და პატიმრობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის ფორმატში, რეგულარულად უნდა განიხილებოდეს.

ამავე შესწორების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დაევალება 2026 წლის 26 ოქტომბრამდე კონგრესს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება, როგორ ითვალისწინებს პენტაგონი აღნიშნულ საკითხს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის პროცესში.

მეორე შესწორება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის მინისტრმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, NDAA-ს ძალაში შესვლიდან 180 დღის ვადაში კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს გასაიდუმლოებული ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ.

როგორც განმარტებულია, აღნიშნული ინიციატივები ასახავს ვაშინგტონში არსებულ მზარდ ინტერესსა და შეშფოთებას საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისა და რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის საკითხების მიმართ.

შესწორებები ჯერ მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაამტკიცა. მათი საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა, რომ შესაბამისი პროცედურები გაიარონ კონგრესის ორივე პალატაში, შემდეგ კი საბოლოო ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

იტვირთბა....