აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გაერო-ს რეზოლუცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რეზოლუციას, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, რადგან გაერო-ს გენერალურ მდივანს მისი შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

„2026 წლის 4 ივნისს ქ. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის, ჯამში, 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა – 8 დაფიქსირდა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის რეზოლუციის მხარდამჭერ ყველა ქვეყანას.

„ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....