აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას” – პოლიტიკო

აშშ-მა, შესაძლოა, გერმანიაში „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების განთავსების გეგმაზე უარი თქვას, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების განთავსების გეგმის გაუქმებას პენტაგონი განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში იყო შეთანხმებული და გერმანიის თავდაცვის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, თუმცა, თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ შეიცვლება, ბერლინი დარჩება იმ შეიარაღების გარეშე, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს.

წყაროს თქმით, ვაშინგტონში შიშობენ, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთმა, შესაძლოა, ესკალაციად აღიქვას და საპასუხო ზომები მიიღოს.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ არ ელოდა „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გერმანიაში განთავსებას, რადგან აშშ-ს თავად აქვს ამ შეიარაღების შეზღუდული მარაგი. მისი თქმით, „ამერიკელებს ამჟამად საკმარისი რაკეტები საკუთარი საჭიროებისთვისაც არ აქვთ“.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინმა აშშ-ს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შეძენის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ გაუგზავნა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები უკვე განიხილავენ ევროპულ ალტერნატივებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ დრონები და შედარებით იაფი სისტემები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს „ტომაჰავკის“ კლასის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. ბერლინში შიშობენ, რომ აშშ-ის სამხედრო ჩართულობის შემცირება ევროპას აიძულებს, თავდაცვითი შესაძლებლობები უფრო სწრაფად გააძლიეროს, ვიდრე ამას ევროპული სამხედრო ინდუსტრია ამჟამად ახერხებს.

იტვირთბა....