რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვას ეხებოდა.
კობახიძის თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც უნდა.
„ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას უნდა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება.
რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო?“, – განახადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნას რატომ ესწრება ირანის ელჩი და არა დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი ელჩები, კობახიძემ უპასუხა, რომ მსგავს ღონისძიებებზე ყველა ელჩის მოწვევა ხდება.
„ძალიან ბევრი ელჩი ესწრებოდა ამ ღონისძიებასაც. ყველა ელჩის მოწვევა ხდება – არ შეიძლება არასერიოზულობაში გადახვიდეთ! როდესაც ასეთი ღონისძიებები იმართება, მოწვევა ყველა ელჩს და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც თავისი წარმომადგენელი ჰყავს დედაქალაქში, ეგზავნება, ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. ვინ მოდის და ვინ არა, ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გადასაწყვეტია. შეგახსენებთ 26 მაისს და პოლიციის დღეს, სადაც წარმოდგენილი იყო ელჩების ფართო სპექტრი.
რაც შეეხება ირანს – ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე!“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას შემდეგ რაც კობახიძეს ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ჯო უილსონის პოზიციას მარკო რუბიო დაეთანხმა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის ჯო უილსონს არ დასთანხმებია.
„რას დაეთანხმა, რომ პროირანული ხელისუფლებაა? ეგ არის ჯო უილსონის დონე – არ დათანხმებია, ეგ თქვენ გინდათ [რომ დათანხმებოდა]. არ შეიძლება დახვიდეთ ჯო უილსონის დონემდე, რომელიც ათას სისულელეს საუბრობს. გამოვიდა უილსონი და გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციების გვერდის ავლას – ირანთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები შემდეგია: ჩვენი ექსპორტი ირანში 0,5%-ია, იმპორტი კი 1,5%. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და იმაზე საუბრობს, თითქოს საქართველო ირანს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს? ჩემი მოწოდებაა, ნუ დახვალთ ეკა გიგაურისა და ჯო უილსონის დონემდე“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ აშშ საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.
კერძოდ, მარკო რუბიომ კონგრესში უპასუხა კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.
რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

