მადლობა ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს.
„მადლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს სიბიგა X-ზე.
ასევე, მისი თქმით, პროცესში უნგრეთის კონსტრუქციულ ჩართულობას აფასებს.
„ჩვენ უკრაინისა და უნგრეთის ურთიერთობებში ახალ თავს ვხსნით, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალზე“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინასთან უნგრეთის ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებით „ყოვლისმომცველ შეთანხმებას“ მიაღწია.
„ჩვენ მივაღწიეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინასთან ზაკარპატიაში მცხოვრები 100 000-ზე მეტი უნგრული უმცირესობის წევრის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ. უკრაინის მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმებულ ზომებს თავის სამართლებრივ სისტემაში დანერგავს. ეს ვალდებულებები ევროკავშირთან უკრაინის სამოქმედო გეგმაში აისახება. თუ ეს მოხდება, უნგრეთი უკრაინისთვის პირველი კლასტერის გახსნას მხარს დაუჭერს“, – დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.
ამასთან, მადიარის თქმით, უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.
„თუ უკრაინა მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში გაწევრიანების 33-ვე თავს წარმატებით დახურავს, მაშინ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, იურიდიულად სავალდებულო რეფერენდუმის პირობით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

