უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველო უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ხუთჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრება და საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვა შეძლო.
„უპრეცედენტო შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არათუ მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ მდგრადი ეკონომიკური ზრდაც უზრუნველვყავით. ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გააზრება, ობიექტური აღქმის შენარჩუნება და საკუთარი ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვა. სწორედ ქართველი ხალხის სიფხიზლითა და თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწრაფად ცვალებად სამყაროში გადარჩენის გზა მშვიდობის დაცვასა და დაბალანსებულ, მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადის. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს. სწორედ ამ პრინციპებზე უნდა იდგეს სამხრეთ კავკასიის მომავალიც. ჩვენი რეგიონი უნდა გახდეს არა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონი, არამედ სტაბილურობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სამაგალითო სივრცე“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილმა განაცხადა, ქვეყნის გრძელვადიანი გაძლიერება წარმოუდგენელია ძირძველი კულტურისა და მდიდარი ისტორიის სიღრმისეულად გააზრებისა და შემეცნების გარეშე.
„თუმცა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა და ეკონომიკური წინსვლა არ არის საკმარისი. ქვეყნის გრძელვადიანი გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი ძირძველი კულტურისა და მდიდარი ისტორიის სიღრმისეულად გააზრებისა და შემეცნების გარეშე. ჩვენი წარსული არის ის მყარი საძირკველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ თანამედროვე, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფო. მჯერა, რომ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით ფორუმი გახდება ნაყოფიერი პლატფორმა ახალი იდეებისა და ხედვების გაზიარებისთვის, რაც დაეხმარება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს, ღირსეულად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვექტორს, „რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“.
„დღეს ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ იწერება კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი. საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება. სამყარო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე გადადის, მომავალი კი სულ უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტების მდგრადი და სამართლიანი გადაჭრა კიდევ უფრო გართულდა, ხოლო გლობალური მშვიდობა დღეს უფრო მყიფეა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გადმოდის ძალის ფაქტორი, მკაცრი რეალიზმი და პრაგმატიზმი. გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

