ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტს უკავშირდება, შესაძლოა, ევროკავშირმა მიმდინარე წელს 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაკარგოს. ამის შესახებ ევროკომისიის შრომის საკითხთა კომისარმა, როქსანა მინზატუმ განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა, განსაკუთრებით ენერგოინტენსიურ სექტორებში“, – განაცხადა მინზატუმ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიის შეფასებით, ყველაზე მასშტაბური შემცირებები, შესაძლოა, ავტოინდუსტრიაში მოხდეს, სადაც 600 000-მდე სამუშაო ადგილს ემუქრება საფრთხე.
გარდა ამისა, სამშენებლო, მეტალურგიულ, ქიმიურ და სატრანსპორტო სექტორებში, ჯამურად, 56 000 სამუშაო ადგილის დაკარგვაა მოსალოდნელი. რისკის ქვეშაა ასევე: ბატარეების წარმოებისა და შესაბამისი პროექტების სფეროში დაახლოებით 85 000 სამუშაო ადგილი, მზის პანელების წარმოებაში – 58 852 სამუშაო ადგილი, ფოლადის ინდუსტრიაში – დამატებით 4 500 სამუშაო ადგილი.
ევროკომისიის შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება მოსახლეობაზეც აისახება. კერძოდ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს სატრანსპორტო საწვავზე საშუალოდ 1,4%-ით მეტის დახარჯვა მოუწევთ.

