ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პეტრიოტის“ სისტემების შეძენის გაჭიანურება გააკრიტიკა და პასუხისმგებელ პირებს ერთი კვირის ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკადრო ცვლილებებით დაემუქრა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების საკითხზე გამართულ თათბირზე განაცხადა, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უკვე მიღწეულია შეთანხმება „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შესახებ, თუმცა შეთანხმების რეალიზაცია ფინანსურ, იურიდიულ და ტექნიკურ დონეზე კვლავ არ დასრულებულა.
მისი თქმით, შეხვედრას თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, ასევე პრეზიდენტის ოფისის დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამოცანა აბსოლუტურად ნათელია – მაქსიმალურად დაჩქარდეს მუშაობა „პეტრიოტის“ კონტრაქტზე. ეს პროცესში ჩართული ყველა თანამდებობის პირის პირადი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს მოცულობის ევროპული მხარდაჭერის პაკეტისა და სხვა ფინანსური რესურსების გამოყენება მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს, რათა გაძლიერდეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვა და დაცული იყოს მოქალაქეთა სიცოცხლე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონტრაქტთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურებიც კი არ არის სრულად დამუშავებული.
„დავაწესე საბოლოო ვადა – ერთი კვირა ყველა მოსამზადებელი ნაბიჯის შესასრულებლად. პარასკევს ველოდები ანგარიშს: ან იქნება სრული სიცხადე „პეტრიოტის“ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით, ან მივიღებთ სერიოზულ საკადრო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

