აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დააზიანეს სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სამიზნეები დაბომბეს, მათ შორისაა სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი.

„უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ამ რუსულ ნავთობობიექტამდე მანძილი, რომელიც ომისთვის მუშაობს, დაახლოებით 1100 კილომეტრია. ასევე, სამხედრო მიზნები მიღწეულია კრონშტადტის ბაზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, კიდევ ერთი სამიზნე იყო რუსეთის ტამბოვის ოლქში მდებარე საწარმო, რომელიც რუსული შეიარაღების წარმოებაში მონაწილეობს.

მისი თქმით, აღნიშნული ობიექტი ფრონტის ხაზიდან თითქმის 600 კილომეტრით არის დაშორებული.

„მადლობა ჩვენს მებრძოლებს სიზუსტისთვის. უკრაინის გეგმა სწორედ ისე სრულდება, როგორც საჭიროა მშვიდობის დასაახლოებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, დრონებით განხორციელებული იერიშების შემდეგ სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ობიექტს 31 რეზერვუარი აქვს, რომელთა საერთო მოცულობა 324 ათასი კუბური მეტრია.

ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 12,5 მილიონ ტონას აღწევს და ის ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვას უზრუნველყოფს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, მოწინააღმდეგის ნავთობისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დაზიანება ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

იტვირთბა....