პორტუგალიაში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ გამართულმა საყოველთაო გაფიცვამ მატარებლების მოძრაობა და ავიამიმოსვლა შეაფერხა, დახურულია სკოლები.
ერთდღიანმა საყოველთაო გაფიცვამ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისის მუშაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
კერძოდ, სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია იძულებული გახდა, შეეჩერებინა რეგიონული რეისების უმეტესობა. ასევე არ ფუნქციონირებს ლისაბონის მეტრო. გაუქმებულია ასობით ავიარეისიც.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით სკოლები პერსონალის დეფიციტის გამო დაიხურა, ხოლო საავადმყოფოებში ექიმებისა და პერსონალის გაფიცვის გამო ოპერაციებისა და სამედიცინო ვიზიტების დიდი ნაწილი გადაიდო.
პორტუგალიის მთავრობამ ორი კვირის წინ პარლამენტში შრომის კოდექსში 100-ზე მეტ მუხლში ცვლილებების პროექტი წარადგინა. ხელისუფლების განცხადებით, რეფორმის მიზანი შრომის პროდუქტიულობის გაზრდა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.
პროფკავშირები აცხადებენ, რომ ცვლილებები დასაქმებულთა მდგომარეობას გააუარესებს. მათი თქმით, რეფორმა ხელს შეუწყობს არასტაბილურ დასაქმებას, სამუშაო საათების რეგულაციების შესუსტებას, თანამშრომლების გათავისუფლების გამარტივებას და გაფიცვისა და მშობელთა უფლებების შეზღუდვას.

