სანქტ-პეტერბურგში, დრონებით თავდასხმის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქტ-პეტერბურგის ხელმძღვანელობის ცნობით, ქალაქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.
„დღეს დილით, კრონშტადტის, კიროვსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინელი ნაცისტების მიერ დრონებით თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებს ქალაქის ხელმძღვანელობა.
ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში პულკოვოს აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო.
მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალში“ ხანძარი გამოიწვია.

