გერმანიის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სააგენტოს განცხადებით, 2025 წელს რასიზმის შესახებ საჩივრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, გასულ წელს რეკორდული 13 067 მოთხოვნა მიიღეს, რომელთაგან 4 571 საჩივარი , დაახლოებით 43%, რასობრივ დისკრიმინაციას ეხებოდა.
„რასისტული დამოკიდებულება ძლიერდება და დისკრიმინაციის მნიშვნელოვნად უფრო მძიმე გამოცდილებას იწვევს“, – განაცხადა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სააგენტოს ფედერალურმა კომისარმა, ფერდა ატამანმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ადამიანები სამსახურში რასისტული შეურაცხყოფისა და დამცირების, საცხოვრებლის ძიებისას დისკრიმინაციის და ჯანდაცვაში არათანაბარი მოპყრობის შესახებ იტყობინება, რაც ხშირად დაკავშირებულია მათ გარეგნობასთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან ან რელიგიასთან.
„რასიზმი და დისკრიმინაცია თავისით არ ქრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ დისკრიმინაცია დაუსჯელი რჩება“, – განაცხადა მან.
ატამანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობა სულ უფრო მეტად ანტიიმიგრანტული და რასისტული ხდება, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამიზნე ჯგუფებს, არამედ გერმანიის სოციალურ ჰარმონიასა და გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებსაც.

