აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიგრანტების დეპორტაციის გამკაცრებულ წესებზე შეთანხმდნენ” – პოლიტიკო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ ახალ წესებზე, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის პროცესის დაჩქარებასა და გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ მიგრანტების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ განთავსებულ სპეციალურ „დაბრუნების ცენტრებში“ გაგზავნაც შესაძლებელი იქნება.

როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ფართომასშტაბიანი რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს როგორც მიგრაციული ნაკადების უკეთ კონტროლს, ისე იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით მიგრანტებს იღებენ.

მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს დაეხმარება, გააკონტროლოს, ვინ შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე და ვინ უნდა დატოვოს ის. მისი თქმით, ამჟამად თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს რეალურად მხოლოდ დაახლოებით 27% ტოვებს.

ახალი შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს შეეძლებათ, მიგრანტები, რომლებსაც ტერიტორიის დატოვება დაევალათ, ევროკავშირის გარეთ მდებარე „დაბრუნების ცენტრებში“ გადაიყვანონ.

ამასთან, რეგულაციები ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკის, უფრო ხანგრძლივი დაკავების, ევროკავშირში შესვლის აკრძალვისა და იმ მიგრანტების დასჯის შესაძლებლობას, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ფრანსუა-ქსავიე ბელამიმ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ევროპა არასწორ სიგნალს აგზავნიდა.

„ადამიანს ევროპაში დარჩენის უფლება თუ არ ჰქონდა, დიდი ალბათობით, არაფერი ხდებოდა. ეს ეპოქა სრულდება. ევროპაში დარჩენის უფლება თუ არ გაქვთ, მისი დატოვება მოგიწევთ“, – განაცხადა ბელამიმ.

შეთანხმების მიხედვით, დოკუმენტის ნაწილი ძალაში შევა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, თუმცა ზოგიერთი დებულება, მათ შორის „დაბრუნების ცენტრების“ შექმნის შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ნიდერლანდები და გერმანია, რომლებიც მსგავსი ცენტრების შექმნის მიმართულებით უკვე მუშაობენ.

ახალ წესებს საბოლოოდ დამტკიცებისთვის მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.

იტვირთბა....