აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზელენსკის მიზანია ომი ზამთრამდე დასრულდეს” – კირილო ბუდანოვი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან მიმდინარე ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მისი თქმით, კიევის სურვილია, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ზამთრამდე მოხერხდეს.

ბუდანოვის განცხადებით, ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მკაფიო პოლიტიკური მიზანი, რომლის მისაღწევად სახელმწიფოს საკმარისი რესურსები და შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა, მისივე შეფასებით, პროცესის მთავარი რისკი რუსეთის პოზიციაა, რადგან მოსკოვმა შესაძლოა შეთანხმებების შესრულებაზე უარი თქვას.

„ეს პრეზიდენტის დავალებაა — რაც შეიძლება სწრაფად ვეცადოთ ამ ომის დასრულებას. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა დასახა“, — განაცხადა ბუდანოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უკვე შეინიშნება საბრძოლო მოქმედებების შემცირების და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯების ნიშნები, რაც, მისი შეფასებით, მოლაპარაკებების პერსპექტივას აჩენს.

ომის დასრულების შესაძლებლობაზე ბოლო კვირებში არაერთი განცხადება გაკეთდა მოსკოვშიც. 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მესამე ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარი ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების გაფორმებას შეეხება. მოგვიანებით, კრემლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტი „დასასრულისკენ მიემართება“, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ.

მიუხედავად მსგავსი განცხადებებისა, სამშვიდობო პროცესს კვლავ სერიოზული დაბრკოლებები ახლავს. მოსკოვი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ ძალები დონეცკის ოლქის გარკვეული ტერიტორიებიდან გაიყვანოს, რასაც კიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ ფონზე, აშშ-ის შუამავლობით დაწყებული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბოლო თვეებში ფაქტობრივად შეჩერებულია.

იტვირთბა....