რუსეთის ძალებმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია, სულ მცირე, 51 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
კლიჩკოს თქმით, პოდილსკის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად შენობა დაინგრა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.
თავდასხმის შედეგად დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.
ამასთან, უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანდა კერძო სახლები, მანქანები და საოფისე შენობები.

