19 წლის იყო, როცა საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა, 21 წლის ასაკში კი, 1962 წელს, პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი და შემდეგ კიდევ ოთხჯერ გააოცა მსოფლიო. -ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე.
„ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის, სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78წწ., თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92წწ., ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ტიტულების ჩამონათვალი ვრცელია და საამაყო, თუმცა ის მიიჩნევს, რომ “ხალხის სიყვარულს ვერანაირი ტიტული ვერ გადაწონის“ – ნონა გაფრინდაშვილი
დღეს, ქალბატონი ნონა იუბილარია. მიხარია, რომ შემიძლია პირადად მივულოცო, მოვეფერო და დიდი მადლობა ვუთხრა! მადლობა დაუღალავი შრომისთვის, იმ ბრძოლისთვის, რომელიც საჭადრაკო დაფას გასცდა, მადლობა ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის და დიდი სიყვარულისთვის. მადლობა, როგორც ქალბატონს, რომელიც ჩვენი სამშობლოს საამაყო ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა!
გილოცავთ ქალბატონო ნონა!“ – წერს კობახიძე.