ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სიყვარული ჩემთვის არ არსებობს“: რა აკავშირებდათ ერთმანეთთან გიორგი გაბუნიას და გიგი უგულავას

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში საკუთარ ბავშვობასა და აქამდე უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა:

გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული?

– ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, მაგალითად, წყალში ხახვს ჩავაგდებდი და ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვლებოდა, როგორ გაიზრდებოდა და ა. შ. ასევე ძალიან მიყვარდა კონსტრუქტორები.

ბავშვობაში ეკლესიური ვიყავი, რადიკალური განცხადებებით გამოვდიოდი. ვამბობდი, სკოლას რომ დავამთავრებ, კლდეში განდეგილად უნდა ვიცხოვრო-მეთქი. მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო.

მერე კი განდეგილობა გადაიფიქრეთ

– რელიგიურ ლიტერატურას ინტენსიურად ვეცნობოდი და რელიგიებზე, მათ შორის – მართლმადიდებლობაზეც, წარმოდგენა შემეცვალა. ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ მოძღვართან ინტენსიური ურთიერთობა არ მქონია.

ხშირად ადამიანებს ეკლესიაზე ან სასულიერო პირებზე ეცვლებათ წარმოდგენა, მე კი რელიგიაზე შემეცვალა აზრი. არადა თავის დროზე არქიტექტურულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ეკლესიები მეშენებინა.

ეკლესიის წიაღიდან მოწყვეტა დიდ სულიერ ტრავმებს იწვევს. თქვენში რა მოხდა მაშინ?

– ეკლესიაში როდესაც დავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო არასოდეს ვიყავი, ღმერთი ჩემთან იყო და მიფარავდა. მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ იმის გარეშე დავრჩი, რაც მქონდა. სრული სიმარტოვე ვიგრძენი. აღარ მყავდა ვიღაც, ვისთვისაც ნებისმიერ დროს შემეძლო მიმართვა და ვინც დამიფარავდა, ეს კი მძიმე მომენტი იყო. ვფიქრობდი, რა მიმართულებით წავსულიყავი.

მანამდე რელიგია თავად მაძლევდა მიმართულებებს, როგორი წესებით მეცხოვრა. როდესაც ჩემი თავი ამ ყველაფრისგან გავათავისუფლე, მივხვდი, რომ თავად უნდა დამედგინა ჩემი ცხოვრების წესი და ვერავისთან გადავამოწმებდი, ნამდვილად სწორი იყო ჩემ მიერ აღებული მიმართულება თუ არა.

მაგრამ არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი წესები

– არასოდეს მაკმაყოფილებდა საზოგადოებისგან თავს მოხვეული წესები, მხოლოდ იმის კეთება მიყვარდა, რასაც მე ვთვლიდი მნიშვნელოვნად. შარვალი უკუღმა მეცვა, საყურეები მეკეთა, თმა სხვადასხვაფრად შევიღებე, ისე მქონდა აჭრილ-დაჭრილი, ზოგს ქეციანი ვეგონე.

მიკვირს, სახლიდან რომ არ გამოგაგდეს

– გამოგდების ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის სიყვარულმა და იმედმა, რომ ოდესმე გამოვსწორდებოდი, გადამარჩინა. როდესაც “კურიერში” დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩათვალეს, რომ ნამდვილად გამოვსწორდი.

გოგონებთან თავგადასავლები, გატაცებები, სიყვარულიეს ყველაფერი რა დოზით იყო თქვენს ცხოვრებაში?

– ასეთ ურთიერთობებში ყოველთვის საზიზღარი ვიყავი. სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ვინც კი შეყვარებული იყო, ყველას დავცინოდი. დიდი მოწონება სიყვარულში არასოდეს გადამზრდია. ვიღაცაზე გადამკვდარი არასოდეს ვყოფილვარ და დღემდე ასეა. საშინელ დღეში ვაგდებდი იმ გოგონებს, ვისაც მე ვუყვარდი. ყოველთვის ისე გამოდის, რომ ცალმხრივად არიან შეყვარებული ჩემზე. ეს ხასიათი ვერ შევიცვალე და არც მიცდია.

– 20-30 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, ასე მარტო უნდა იყოთ?

– არ ვიცი. ადრე იმასაც ვამბობდი, სულ რომ უმუშევარი დავრჩე, საინფორმაციო გადაცემას და პოლიტიკას არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ აგერ, საინფორმაციოც მიმყავს და პოლიტიკური გადაცემაც. შეიძლება უცებ შეყვარებულიც მნახოთ და ინტერვიუში გითხრათ, როგორი თავდაკარგული ვარ. თუ შემიყვარდება, მართლა თავდაკარგული ვიქნები, რადგან სიყვარულში გამოცდილება არ მაქვს.

სოციალურ ქსელში თქვენ და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ფოტო გავრცელდა, სადაც ორივენი სტიქარით ხართ შემოსილი. ბავშვობიდან მეგობრობთ მასთან?

– მე და გიგი უგულავა კლასელები ვიყავით, 6 წლის ასაკიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა სულ გვქონდა ურთიერთობა. სხვათა შორის, გიგიც აგროვებდა მარკებს და ფილატელისტების კლუბშიც ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. შემდეგ ერთსა და იმავე ეკლესიაში დავდიოდით, საერთო მოძღვარი გვყავდა და ორივენი სტიქაროსნები ვიყავით.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ის თბილისის მერი გახდა, ხოლო მე – “კურიერის” და “არჩევანის” წამყვანი, უკვე როგორც ჟურნალისტს და რესპონდენტს გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა.

როდესაც გიგი ერთი დღით გამოუშვეს ციხიდან და საპატიმროში დაბრუნებამდე ბოლო ვრცელი ინტერვიუ მასთან მე ჩავწერე, ეს ძალიან მტკივნეული საათი იყო. ეს იყო ყველაზე ემოციური ინტერვიუ, რომელიც ოდესმე ჩამიწერია.

წყარო: ჟურნალი “სარკე”

იტვირთბა....