დღეს „ქართული ოცნების“ სასიქადულო ხელისუფლებამ ქართული ავტოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა – ყველა დროის ყველაზე უმორალო “ქართული ოცნების” მთავრობამ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საკუთარი “მორალის პოლიცია“ შექმნა! ვაშა და ყოჩაღ ამხანაგებო! ვაი, თქვენს პატრონს “ქართულო ოცნება“! – ამ განცხადებით ეხმაურება პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგის და პროაქტიული გამოვლენის მიზნით შს სამინისტროში ახალი სამმართველოს ამოქმედებას.
როგორც დათუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სპეციალურმა სამმართველოს შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე.
“მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს – 10-კაციანი რაზმი Facebook-ის 3 მილიონი ქართული პროფილის კონტროლს შეეჭიდება! ამისთვის ამხანაგებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ!
ყველაზე ჰუმანური შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო უკვე შექმნილია. ამ წუთებში, როდესაც თქვენ მე მისმენთ, შს სამინისტროს სამმართველოს 10 თანამშრომელი თავდაუზოგავად „სქროლავს“ სოციალურ ქსელს და „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს ფუნქციას ასრულებს. თქვენს „ფეისბუქ“ კედელს არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ “მორალის პოლიცია“ გააკონტროლებს, თუ რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ მშვიდად იყავით ქართველებო!
როგორც ჩანს, “ოცნების“ ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია – სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი, ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებზე, მეტი მოქალაქეების „სქრინები“ ხელისუფლებას!
ვაშა და ყოჩაღ ამხანაგებო! ვაი თქვენს პატრონს “ქართულო ოცნება“!
ახლა კი სერიოზულად რომ ვთქვათ, „მორალის პოლიცია“ შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერი-მინისტრები, პრეზიდენტი სხვადასხვა დროს დედის სისხლს იგინებოდნენ იმ დარბაზში, სადაც კონსტიტუცია და საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღეს. ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას და ამას იმ უწყების გავლით აკეთებენ, რომელსაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ ადამიანის საჯაროდ წამება. პოლიცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამცირებს, თურმე სანდოა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

