აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ ნიუსებია“ – დონალდ ტრამპი

ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული „ფეიკ ნიუსებია“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი ამჟამად „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“ და პრაქტიკულად აღარ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები.

„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ფლოტს, საჰაერო ძალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ხელმძღვანელობას სრულად გაანადგურებდა და ირანი იძულებული გახდებოდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა, ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება ამ შემთხვევაშიც კი ირანის სასარგებლოდ გააშუქებდა მოვლენებს.

„თუ ირანი თეთრ დროშას აღმართავდა და იტყოდა: „ვნებდებით ამერიკის დიდ და ძლიერ სამხედრო ძალას“, The New York Times-ი დაწერდა, რომ ირანმა მამაცურად იბრძოლა და ამერიკის შეერთებული შტატები დაამარცხა. გაშუქება ძალიან ცუდია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამერიკული მედიის ნაწილი სამხედრო წარმატებებს დამარცხებად წარმოაჩენს, რაც, ტრამპის შეფასებით, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„ქვეყანა ნამდვილად დიდი რომ იყოს, სამართლიანი მედია სჭირდება. ჩვენ კი სამართლიანი მედია არ გვყავს. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ტყუილის თქმაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ირანთან კონფლიქტმა რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში პრობლემები შეუქმნას, ტრამპმა უპასუხა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებები საარჩევნო კალენდარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„თუ ამ ლოგიკით ვიმოქმედებდით, არჩევნების დასრულებას უნდა დავლოდებოდით და მხოლოდ შემდეგ გვემოქმედა. მაგრამ ირანს ბირთვული იარაღი, არ შეიძლება, ჰქონდეს. მე იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....