„თუ კაცი პრემიერია, ტაძარში მუხლი ვერ უნდა მოიდრიკოს?! თან იმის შიშით, რომ სოციალურ ქსელში ათასი “ტვინიკოსი” ათას სისულელეს დააბრალებს?!”- ამ განცხადებით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ქალთა ორგანიზაციის, კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელს, იურისტ ბაია პატარაიას „ფესიბუქის“ პოსტს გამოეხმაურა.
პატარაიას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასე საჯაროდ ეკლესიაში არ უნდა “ფორთხავდეს”.
„თუ კაცი პრემიერია, ტაძარში მუხლი ვერ უნდა მოიდრიკოს?! თან, იმის შიშით, რომ სოციალურ ქსელში ათასი “ტვინიკოსი” ათას სისულელეს დააბრალებს?! თუ კაცის სულს ლოცვა სწყურია… თუ კაცს გული მუხლის მოყრას სთხოვს (და წირვის კონკრეტულ ეტაპზე მუხლის მოყრა განსაზღვრულია), რა მნიშვნელობა აქვს: პრემიერია, თუ ჩემი მეზობელი ტაქსის მძღოლი ვასო?! თავი რატომ უნდა შეიზღუდოს?! სინანულის განცდაა მთავარი და გულწრფელობა. აქ ერთადერთი ფაქიზი მომენტია- კარგი იქნება, (ვასოსგან განსხვავებით) ქვეყნის პირველმა პირებმა- ყველას ვგულისხმობ,- სამშობლოსაც ისე მიხედონ, როგორც მუხლს იდრეკენ. კარგი იქნება, ხალხის გულებამდე დამდაბლდნენ, აქაა უფალი. გაჭირვებულ, მშიერ, სასოწარკვეთილ ადამიანებთან. მხოლოდ ასეთი მთავრობა და მხედრობა მემეტება ჩემი ქვეყნისთვის. და ერთიც- ბატონ კვირიკაშვილზე ჩემი აზრი მაქვს და ის კვირიკაშვილისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ვიმეორებ: ვერაფერი ვერც განსაკუთრებული და ვერც აღსაშფოთებელი ვერ დავინახე მის ქმედებაში. ვერც გასაგიჟებელი,- “ეს რა მოხდა”… ყველა ასე ვლოცულობთ. და, ნეტა, ის შევძლოთ, რა მხურვალედაც ვლოცულობთ, ისე მხურვალედ და უანგაროდ ვემსახუროთ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს”, – წერს ინაშვილი.
საუბარია ბაია პატარაიას შემდეგ პოსტზე, რომელსაც ინტერნეტ-სივრცეში დიდი აურ-ზაური მოჰყვა.
„რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით.
მაგრამ(!) მუხლებზე დაცემული პრემიერ-მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).
რა თქმა უნდა ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.
ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კდევ ერთხელ ვიტყვი – რწმენა და რელიგია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების/მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში – პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს“ – დაწერა პატარაიამ „ფეისბუქზე“.