რუმინეთი მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს, – ასე ეხმაურება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა-სილვია ცოიუ ქვეყნის სასაზღვრო ქალაქ გალატში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის შეჯახებას.
მისი შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი რუსეთის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს.
„რუსული დრონი, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ატარებდა და რომელიც უკრაინაში ინფრასტრუქტურის დაბომბვაში მონაწილეობდა, რუმინეთში, გალატში ჩამოვარდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ხანძარი გამოიწვია. ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რამდენიმე მცხოვრებს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.
რუმინეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი აფრინდა, როდესაც რადარზე რუსული დრონები გამოჩნდნენ, მათ სროლის ნებართვა ჰქონდათ. ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით აუცილებელ დიპლომატიურ რეაგირების ზომებს მიიღებს.
რუმინეთმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მოკავშირეებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს აცნობა გარემოებების შესახებ და მოითხოვა ზომები რუმინეთისთვის დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გადაცემის დაჩქარების მიზნით. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ მძიმე და უპასუხისმგებლო ქმედებებზე.
რუმინეთი მაქსიმალური მონდომებით იმოქმედებს, რათა გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა დროული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს“, – წერს რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

