აშშ-მა ირანის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ნედლი ნავთობის გაყიდვებზე ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას მედია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქციები რვა გემზე დაწესდა, რომლებიც ირანის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ.
გემებს შორისაა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Flora, კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნედლი ნავთობის ტანკერი Hauncayo და პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Ill Gap-ი.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანის მთავრობამ გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო შესაძლებლობების აღსადგენად“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

