უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას და ევროპას ხელში უჭირავთ კარტი და ახლა მათი გათამაშების დროა.
მედიის ცნობით, ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ კვიპროსზე შეკრებილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უთხრა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არაფორმალურ შეხვედრაში 27 მაისს მონაწილეობდა.
ანდრეი სიბიგამ მოუწოდა ევროპას, უფრო გაბედულად იმოქმედოს ომის დასასრულებლად.
„უკრაინას აქვს კოზირები, ევროპასაც აქვს. ჩვენ ძლიერი პოზიციები გვაქვს. მოვიდა დრო, ეს კარტი გავათამაშოთ. იმ დროს, როდესაც ომის დინამიკა იცვლება და უკრაინის ასიმეტრიულ სტრატეგიას შედეგები მოაქვს, სწორედ ახლა ევროპამ უნდა იმოქმედოს გაბედულად და მოაახლოოს მშვიდობა – აშშ-ის ლიდერობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დამატებით“ , – განაცხადა სიბიგამ.
მისივე თქმით, პარტნიორებმა უნდა დაიწყონ კონკრეტული რეალისტური ნაბიჯებით, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასახელა აეროპორტებთან, საზღვაო პორტებთან მიმართებით ცეცხლის შეწყვეტა, სამოქალაქოს ტყვეების დაბრუნება, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და ა.შ.
„ჩვენ არ გვჭირდება ამ პროცესის დაწყება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის არჩევით, რომელიც ამ ძალისხმევას ჩაუდგება სათავეში. საჭიროა, მკაფიოდ განვსაზღვროთ მანდატი და ის უნდა წარმოადგენდეს ევროპის ერთიან ხმას. ევროპას აქვს ბერკეტები საგრძნობი შედეგების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ესაა სანქციები და გაყინული რუსული აქტივები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

