აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანია, საქართველო- უკრაინას ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს” – ნიკოლოზ სამხარაძე

მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უკრაინასთან ჰქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს. ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერდით უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ერთი წუთითაც არ გადაგვიხედია ჩვენი პოლიტიკისთვის უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ, მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. მზად ვართ, უკრაინასთან გვქონდეს მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები. უკრაინის ხელისუფლება ამისთვის თუ მზად არის, რა თქმა უნდა, ამ მზადყოფნას ჩვენც მივესალმებით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ასევე, ანდრეი სიბიგამ ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნავს სიბიგა წერილში.

იტვირთბა....