შოტლანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მოთხოვნას, რომ ბრიტანეთის მთავრობამ შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ წინადადებას შოტლანდიის პარლამენტში მხარი „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ (SNP) და „მწვანეებმა“ დაუჭირეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, მეორე რეფერენდუმის ჩასატარებლად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შოტლანდიის პარლამენტისთვის საჭირო უფლებამოსილებების მინიჭება მოუწევს, რაც ნაკლებად სავარუდოა, რადგან სამეფოს ხელისუფლებაში მყოფმა ლეიბორისტული პარტიის მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უარს იტყვიან.
„ბიბისის“ ცნობით, შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ჯონ სვინი, სავარაუდოდ, ამ საკითხს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან მომავალ მოლაპარაკებებზე წამოჭრის.
ცნობისთვის, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 55%-ზე მეტმა სამეფოში დარჩენას დაუჭირა მხარი.

