უკრაინის დედაქალაქ კიევში დემოკრატიული ბელარუსის მისია გაიხსნა, – ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიულ ბელარუსსა და უკრაინას შორის უფრო ძლიერი და სისტემატური თანამშრომლობისკენ.
მისი თქმით, ბელარუსებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად.
„გუშინ კიევში ოფიციალურად გავხსენით დემოკრატიული ბელარუსის მისია უკრაინაში… მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად: პოლიტიკურად, ინფორმაციულად, უკრაინულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ბელარუსი მოხალისეებისა და მებრძოლების გვერდით დგომით და უკრაინაში მცხოვრები ბელარუსების მხარდაჭერით. ეს მისია ჩვენს საქმიანობას უფრო თანმიმდევრულს და თვალსაჩინოს გახდის. ეს იქნება პლატფორმა დიალოგისთვის, პრაქტიკული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ეს დაეხმარება უკრაინელებს იცოდნენ, ვისთან ითანამშრომლონ და უკრაინაში მყოფ ბელარუსებს იმაში, რომ იცოდნენ, ვის მიმართონ“, – წერს ტიხანოვსკაია.
მისი თქმით, მისიას უხელმძღვანელებს სვეტლანა შატილინა, რომელიც უკრაინაში ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს წარმოადგენს.
„თავისუფალი ბელარუსი და თავისუფალი უკრაინა ერთი მომავლის ნაწილია”, – აცხადებს ტიხანოვსკაია.

