ნატო აპირებს, გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგის დაცვა ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შესაძლებელს გახდის, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამჟამად ნატო-ს ძალები ბალტიის სამივე ქვეყანაში და ჩრდილოეთ პოლონეთში ერთიანი მრავალეროვნული შტაბის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, რომელიც პოლონეთის ქალაქ შჩეცინში მდებარეობს.
წყაროს თქმით, დაგეგმილი ცვლილება ხაზს უსვამს ბალტიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
როგორც წყარომ განაცხადა, რეგიონისთვის მეორე კორპუსის გამოყოფა ნატო-ს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ძალების „მასშტაბური და სწრაფი“ მობილიზება.
სრულად საბრძოლო მზადყოფნის შემთხვევაში არმიის კორპუსი, როგორც წესი, მოიცავს სამ დივიზიას, ანუ დაახლოებით 40 000-დან 60 000-მდე ჯარისკაცს. მშვიდობიან პერიოდში იგი ძირითადად არსებობს როგორც მინიმალური შტაბის სტრუქტურა, სადაც ისეთი სპეციალიზებული ქვედანაყოფებია, როგორებიცაა არტილერია, საჰაერო თავდაცვა და სამედიცინო მომსახურება, რაც კრიზისის შემთხვევაში ძალების სწრაფ მობილიზაციას უზრუნველყოფს.
როგორც წყარომ აღნიშნა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, ნატო-სთან კოორდინაციით, შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსი, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მდებარეობს, ლატვიისა და ესტონეთის დაცვისთვის გამოიყოფა.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში.

