რუსეთი სომხეთს ენერგომატარებლებისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება — მიზეზად კი ერევნის ევროკავშირთან დაახლოება სახელდება. მედია „კომერსანტის“ ინფორმაციით, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა, სომხურ მხარეს წერილით აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვმა შესაძლოა 2013 წლის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმოს.
შეთანხმება სომხეთს რუსული გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების შეღავათიან მიწოდებას უზრუნველყოფს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი შეწყვეტა ერევანს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
ბოლო წლებში სომხეთი აქტიურად უახლოვდება ევროკავშირსა და აშშ-ს. პარალელურად, მოსკოვი ფაშინიანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს — როგორც პოლიტიკური კამპანიებით, ისე სავაჭრო შეზღუდვებით.

