რუსეთის მუქარა კიევში მოქმედი უცხო ქვეყნების საელჩოების წინააღმდეგ გაეროში მწვავედ დაგმეს — ორგანიზაციის სხდომაზე თითქმის 50-მა ქვეყანამ ერთობლივ განცხადებას დაუჭირა მხარი, სადაც კრემლის განცხადებებს „მიუღებელი მუქარა“ უწოდეს. განცხადება უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში, ანდრიი მელნიკმა გააჟღერა.
საქმე ეხება რუსეთის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც, კიევში განთავსებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქალაქის დატოვება ურჩიეს. მოსკოვმა მიზეზად უკრაინის დედაქალაქზე „სისტემატური დარტყმების“ დაწყება დაასახელა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, განაცხადა, რომ კრემლის განცხადებები „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს და ვითარების შემდგომი ესკალაციის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

