“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც არ მომხდარა დღემდე, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
”სიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც არ მომხდარა დღემდე არა მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის”, არამედ არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტიის პრაქტიკაში საქართველოში. ეს პროცესი იქნება მთლიანად გამჭვირვალე, ეს იქნება დემოკრატიული, მასში მონაწილეობას მიიღებს საზოგადოება, პარტიის ყველა რაიონული ორგანიზაცია და თითოეული წევრი. ეს გახლავთ კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ”ნაციონალურ მოძრაობა”, როგორც პარტია, მუდმივად ვითარდება, მუდმივად მიდის წინ, ჩვენ ვსწავლობთ წარსულიდან და შესაბამისი დასკვნები გამოგვაქვს იმ გამოცდილებიდან და გაკვეთილებიდან, რაც წარსულში მივიღეთ.
ამ პრინციპებში ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა, რომელიც წინა არჩევნების შედეგში გამოიხატა. ამიტომ პარტიის სიის დაკომპლექტების დროს ძირითადი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რომელმა რეგიონმა რა შედეგი აჩვენა ბოლო არჩევნებზე, ანუ რამდენად დაიმსახურა ხალხის ნდობა. შესაბამისად, ის რეგიონები, რომელთაც უფრო მაღალი შედეგი ჰქონდათ, რომელსაც უფრო მეტი ხალხი ენდო, პარტიულ სიაში უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილები. ეს გაკეთდება შესაბამისი კოეფიციენტის მეშვეობით, სამართლიანად, გამჭვირვალედ ისე, რომ ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მისი წარმომადგენლობა სიაში დამოკიდებული იქნება ხალხის ნდობასა და იმ ხმების რაოდენობაზე, რომელიც მათ მოიპოვეს. ხაზს ვუსვამ, ეს არ ეხება მარტო მაჟორიტარებს, არამედ პარტიულ სიასაც. ანუ პირველად საქართველოს პოლიტიკურ პრაქტიკაში, საქართველოს რეგიონებს, რაიონებს ეყოლებათ წარმომადგენლები არა მხოლოდ როგორც მაჟორიტარები, არამედ პარტიის პოლიტიკურ სიაშიც. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომლითაც ჩვენ გვსურს, ნაწილობრივ მაინც გამოვასწოთ ის აბსურდული სიტუაცია, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა არსებული საარჩევნო სისტემით, როდესაც რეგიონების ისეთი გადაფორმირება მოხდა, რომ სახელებსაც კი ვერ არქმევენ. ჩვენ გვეყოლება არა მხოლოდ მაჟორიტარები რაიონებიდან, არამედ პარტიულ სიაშიც ყველა რეგიონს წარმომადგენელი ეყოლება და ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მას პარლამენტში კონკრეტული ადამიანები წარმოადგენენ იმ შედეგის მიხედვით, რომელიც რეგიონებმა ბოლო არჩევნებზე აჩვენეს.
ესეც არ იქნება დამოკიდებული ვინმეს ნება-სურვილზე, არამედ განსაზღვრული იქნება კონკრეტული პრინციპით, რომ პარტია უნდა განახლდეს, მან უნდა მოიზიდოს ახალი სახეები, საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები და ეს გახლავთ ჩვენი პასუხი დღევანდელ ძირითად პრობლემაზე, როგორიცაა ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა, უცოდინრობა და უნიათობა. ამის საპირიპიროდ ჩვენ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც კომპეტენტურობასა და საზოგადოების მხარდაჭერაზე იდგება. თქვენ ამ გუნდში იხილავთ ძალიან ბევრ ახალ სახეს. ადამიანებს, რომლებიც არიან წარმატებულები, რომლებსაც საკუთარი კვალიფიკაციით კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საბოლოო სიის დამტკიცება პოლიტსაბჭოს მიერ მოხდება და ის შესაბამისი წესით საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.