ჩემთვის დიდი პატივია, შევხვდე პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციასა და ჩემს კოლეგებთან ერთად შაანსიში. ძალიან გვიხარია და პატივია თქვენი მასპინძლობა. ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა დონესა და სფეროში, – ამის შესახებ შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანმა, კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, ჭაო იდემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 34 წლის წინ დამყარდა.
„საქართველო ასევე არის ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გასული 34 წლის განმავლობაში ორივე მხარე ყოველთვის იცავდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების პრინციპებს, მუდამ მიჰყვებოდა ურთიერთსარგებლის გზას. განსაკუთრებით გასულ წელს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა გაცვალეს მისალოცი წერილები, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მიმართულება განსაზღვრა. ორი ქვეყნის ლიდერების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში. გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 248 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 70%-იანი ზრდაა. ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობები წარმატებით შევიდა საქართველოს ბაზარზე. ამავე დროს, ქართული წითელი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს შაანსის პროვინციაში.
კავშირებისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების დასავლეთის მარშრუტზე. დღეისათვის უკვე გავუშვით 601 მატარებელი, ხოლო მხოლოდ წელს — 116, რაც ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ამჟამად ჩვენს ორ მხარეს შორის უკვე ფუნქციონირებს ექვსი საერთაშორისო სატვირთო ავიამარშრუტი. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, 2027 წელს შესაძლებელი იქნება შაანსსა და თბილისს შორის პირდაპირი სამგზავრო ავიარეისების ამოქმედება. ამჟამად შაანსიში სამი ქართველი სტუდენტი სწავლობს. ეს გვაჩვენებს, რომ ზემოხსენებულ სამ სფეროში თანამშრომლობა უკვე მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა და მომავალში კიდევ უფრო დიდ პროგრესს ველოდებით.
ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან გვიხარია და პატივია თქვენი მასპინძლობა. ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა დონესა და სფეროში. ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე“, – განაცხადა ჭაო იდემ.

