ახალი ამბები მთავარი

სასამართლომ დავით ნაფეტვარიძე ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა

ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით ნაფეტვარიძე, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის გარეშე გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და, როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნაფეტვარიძის ადვოკატმა განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილების მოტივი მტკიცებულების არარსებობა გახდა.

ადვოკატ გოგა ონიანის თქმით, არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა და შესაბამისად არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ დავით ნაფეტვარიძემ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა.

გამოძიება დავით ნაფეტვარიძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ის გუშინ საკუთარ სახლთან დააკავეს.

როგორც ადვოკატი გოგა ონიანი ამბობს, საქმე ეხება თბილისის მერიასთან გამართულ აქციას, სადაც ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემის ფაქტს. შესაბამისად, ნაფეტვარიძის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეფასდა.

ნაციონალური მოძრაობა აქციის განახლებას 3 მაისიდან გეგმავვს, სადაც ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გადაცემას შეეწინააღმდეგებიან.

იტვირთბა....