პენტაგონის პრესსპიკერი შონ პარნელი აცხადებს, რომ ომის დეპარტამენტმა ევროპაში განლაგებული საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების (BCT) საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე შეამცირა.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ომის დეპარტამენტი 2021 წელს არსებულ ნიშნულს უბრუნდება.
„ომის დეპარტამენტმა ევროპაში განლაგებულ ბრიგადის საბრძოლო ჯგუფების საერთო რაოდენობა ოთხიდან სამამდე შეამცირა. ეს 2021 წელს ევროპაში საბრძოლო ბრიგადის ჯგუფების დონესთან გვაბრუნებს. ეს გადაწყვეტილება ევროპაში აშშ-ის ძალების პოზიციაზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი, მრავალშრიანი პროცესის შედეგია“, – განაცხადა პარნელმა.
პარნელის თქმით, აშშ-ის ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი წვლილი უნდა შეიტანონ საკუთარ თავდაცვაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს დღის წესრიგისთვის.
„დეპარტამენტი ევროპაში ამ და აშშ-ის სხვა ძალების საბოლოო განლაგებას აშშ-ის სტრატეგიული და ოპერატიული მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს. ასევე, ეს ეფუძნება ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობებს, შეიტანონ წვლილი ევროპის თავდაცვაში. ეს ანალიზი შექმნილია პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს დღის წესრიგის წინსვლისთვის ევროპასა და სხვა ადგილებში, მათ შორის, ჩვენი ნატო-ს მოკავშირეებისთვის ევროპის ჩვეულებრივი თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობის აღების სტიმულირებითა და შესაძლებლობის მიცემით“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.
პარნელი ასევე აღნიშნავს, რომ ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი პოლონეთის ვიცე-პრემიერს, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს ესაუბრა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უწყება პოლონელ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებს, მათ შორის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვაშინგტონმა პოლონეთში ძლიერი სამხედრო ყოფნა შეინარჩუნოს. მისივე თქმით, პოლონეთმა აჩვენა როგორც თავდაცვის უნარი, ასევე მტკიცე გადაწყვეტილება და ნატო-ს სხვა მოკავშირეებმაც მას უნდა მიბაძონ.

