რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ერთობლივად უპასუხებენ სხვადასხვა გამოწვევასა და საფრთხეს, – ამის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქვეყნები გააგრძელებენ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებას, სამხედრო სფეროში ურთიერთნდობის გაღრმავებას, თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესებას, ერთობლივი წვრთნების, საჰაერო და საზღვაო პატრულირების პრაქტიკის გაფართოებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციისა და ურთიერთობის გაძლიერებას, სხვადასხვა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივად რეაგირებას და გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია უკრაინის საკითხზეც და აღნიშნულია, რომ აუცილებელია „უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების სრულად მოგვარება“ გაეროს წესდების პრინციპების დაცვის საფუძველზე“.
„მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ აუცილებელია უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების სრულად აღმოფხვრა გაეროს წესდების პრინციპების სრულად და ურთიერთკავშირში დაცვის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთუსაფრთხოება და საფუძველი ჩაეყაროს მდგრად მშვიდობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

