ახალი ამბები მთავარი

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის – შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

“მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ავსებს და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები მოაქვს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის გააქტიურებულია დაძმობილების პროცესი“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააღრმავონ ინსტიტუციური კავშირები, ისაუბრეს კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, შაანსის პროვინციას მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რაც კულტურული დიპლომატიისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საუბრისას მხარეებმა განიხილეს სატრანზიტო მარშრუტების, განსაკუთრებით შუა დერეფნის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

იტვირთბა....