რადიკალების მიზანია, პატრონებს დაანახონ, რომ მათში ფული ტყუილად არ იხარჯება, რაღაცას მაინც ცდილობენ და მთლად მკვდრები არ არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ხალხი მხარს თუ არ გიჭერს, წარმატებას ვერც არჩევნებში მიაღწევ და ვერც აქციებს გამართავ.
„დარწმუნებული ვარ, მათთვის მილიონები რომ იხარჯება, პასუხსაც სთხოვენ, სად არის მარგი ქმედების კოეფიციენტი და რა არის. რა დადებითი მიიღო „დიფ სთეითმა“ იმისგან, ამ ხალხში ამხელა ფული ჩაყარა. უნდათ, პატრონებს რაღაც აქტივობა დაანახონ და თან თავის მომხრეებს შემოუძახონ, რომ მკვდრები არ არიან და ათასი გეგმა აქვთ. ძველი ნარატივი გაიმეორეს – 26 მაისს ვიწყებთ და ვამთავრებთო. ახლის მოფიქრებაც არ შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაფერი კრახით დამთავრდება. თუ ხალხი მხარს არ გიჭერს, წარმატებას ვერც არჩევნებში მიაღწევ და ვერც აქციებს გამართავ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

