ევროპულ ინსტიტუციებში გარკვეული მედიაარხების საქმიანობის შეზღუდვას ეკა სეფაშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებისთვის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.
“მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში. იმიტომ, რომ მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მოსადავებელი, რაიმე რეალურ დარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, მერწმუნეთ, ისინი არავითარ შემთხვევაში ამ საბაბს არ დატოვებდნენ ესე უყურადღებოდ და აუცილებლად გამოიყენებდნენ ლეგალურ სამართლებრივ პროცედურებს ამ არხების აკრძალვებისათვის, მაგრამ რადგან ეს არ აქვთ, ისინი მიმართავენ ამ უსამართლო აკრძალვას და პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას” – თქვა “ქართული ოცნების” მოკავშირე “ხალხის ძალის” წევრმა ეკა სეფაშვილმა.
13 მაისს “ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ “ტვ იმედს”, “რუსთავი 2-სა” და “PosTV-ის” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება.

