აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის კანონი მიიღო.

კანონი “რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე” დუმას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წარუდგინა. თავად დოკუმენტს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს, ასევე პირობების შექმნას კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, “მხარეები”, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმდნენ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.

პუტინის თქმით, დოკუმენტი აუმჯობესებს ხელშეკრულებით-სამართლებრივ ბაზას და მიზნად ისახავს როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ისე მხარეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ალან გაგლოევმა კი განაცხადა, რომ “შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობრივ ურთიერთობებს განვითარების ახალ დონეზე აჰყავს”.

იტვირთბა....