აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკომისიის ახალი ინიციატივით, მგზავრებს შეეძლებათ ევროპაში ნებისმიერი საერთაშორისო მატარებლის მარშრუტისთვის ერთი ბილეთი შეიძინონ

ევროკომისიამ წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, მგზავრებს შეეძლებათ ევროპაში ნებისმიერი საერთაშორისო მატარებლის მარშრუტისთვის ერთი ბილეთის ონლაინ შეძენა, მაშინაც კი, თუ მგზავრობა რამდენიმე ქვეყნის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის მომსახურებას მოიცავს. ეს შესაძლებელი იქნება ერთი მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმის მეშვეობით. ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების მედია ავრცელებს.

ახალი ინიციატივის თანახმად, ევროპული ბილეთების გაყიდვას ახალი ონლაინპლატფორმები განახორციელებენ, ხოლო ისეთი კომპანიები, როგორებიცაა ნიდერლანდების NS-ი, გერმანიის Deutsche Bahn-ი და ბელგიის NMBS-ი, ვალდებულნი იქნებიან, გაუზიარონ მათ თავიანთი მონაცემები.

გეგმის მიზანია, საერთაშორისო სარკინიგზო მგზავრობის დაჯავშნა ისეთივე მარტივი გახდეს, როგორც ავიაბილეთის ყიდვაა. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მგზავრთა უფლებების დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, დაგვიანების შემთხვევაში – კომპენსაციას, თანხის სრულ დაბრუნებას ან ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზებას, თუ რეისი გაუქმდება.

მგზავრები მიიღებენ ისეთივე დაცვას, როგორიც თვითმფრინავების მგზავრებს აქვთ: ბილეთის ღირებულების 25 პროცენტის დაბრუნება ორ საათამდე დაგვიანების შემთხვევაში, 50 პროცენტის დაბრუნება უფრო ხანგრძლივი დაგვიანებისთვის, ან კომპენსაციას, თუ მგზავრობის რომელიმე ნაწილი გაუქმდება.

ევროკომისიის შეფასებით, ამ გეგმით მოქალაქეები წელიწადში დაახლოებით 350 მილიონ ევროს დაზოგავენ. სარკინიგზო კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯები დაახლოებით 90 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა მგზავრთა რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, ეს დანახარჯები დააბალანსოს.

ცნობისთვის, ამჟამად ეროვნული სარკინიგზო კომპანიები საკუთარ ბაზრებს იცავენ, რის გამოც ონლაინ ბილეთების გამყიდველებისთვის რთულია კომბინირებული მარშრუტების შეთავაზება. ევროპაში სამგზავრო გადაადგილების მხოლოდ დაახლოებით 8 პროცენტი მოდის მატარებელზე. ევროკავშირს სურს, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

იტვირთბა....