აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის ანტიკორუფციულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ან გირაოს სახით ოთხ მილიონამდე დოლარს მოითხოვს

უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ კლიმენკოს განცხადებით, უწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ალექსანდრ კლიმენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

ალტერნატიულ ზომად პროკურატურა 180 მილიონი გრივნის (დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარი) ოდენობის გირაოს განიხილავს.

კლიმენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიგურირებს გამოძიებაში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ფულის გათეთრებას ეხება.

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს.

ცნობისთვის, 11 მაისს ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადეს, რომ ანდრეი ერმაკს ბრალი ედება ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობაში, რომელიც 460 მილიონი გრივნის (დაახლოებით ათი მილიონი დოლარი) გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად ერმაკი ბრალდებებს უარყოფს. საქმეში სულ ექვსი პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი. გამოძიების ვერსიით, 2021-2025 წლებში ეჭვმიტანილებმა 460 მილიონ გრივნაზე მეტი გაათეთრეს კიევის ოლქის სოფელ კოზინში დაახლოებით რვა ჰექტარზე გაშენებული კოტეჯების დასახლების მშენებლობის გზით.

იტვირთბა....