ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში და იყო ზუსტად სწორ ადგილას, იქ, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ვიხილეთ.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში. სწორ ადგილას იყო ზუსტად. იყო თავის სამშობლოში და იყო იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ასე რომ, აბსოლუტურად ორგანული იყო ის სურათი, რაც ვიხილეთ – ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია გუშინ, 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

