სამწუხაროა, რომ ქართველი მონაწილეობას იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში. ქმნიან დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაში წვლილი სალომე ზურაბიშვილმაც შეიტანა.
მისივე თქმით, „ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, თვალის გადავლებით იქნება რეზოლუციები და ფასი ეკარგება“.
„სამწუხაროა…დღეს კიდევ უფრო მეტი ვიცი ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ხშირად, ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობას იღებენ იმ დარტყმებში, რომელიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში, არ ვარჩევთ საიდან, რომელი ქვეყნიდან, ვისგან მომდინარეობს დარტყმა. სამწუხაროა, რომ ქართველი მონაწილეობას იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში. ქმნიან დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს.
ვფიქრობ, რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, არ მოგწონდეს ხელისუფლება, აკრიტიკებდე არ [უნდა] მიიღო მონაწილეობა. ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ოპოზიციონერი ადამიანი, „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომ არ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში. შემდეგ უფრო ლოგიკური განვითარება ექნება ჩვენ ურთიერთობებს.
პარადოქსულია: ერთი მხრივ, საუბრობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ევროპის ქვეყნებთან და აშშ-თან ურთიერთობების დათბობაზე და მეორე მხრივ მონაწილეობას იღებენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება. მე რომ გიპასუხოთ: „ჩალის ფასია“, ხომ გახსოვთ ჩვენი ასეთი ინტერვიუები, ვიღაცები ამას საკრიტიკოდ გახდიან. არადა 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნასთან და ტრიბუნიდან შექმნილი და როგორ გაუფასურდა ეს რეზოლუციები თავად უწყით. რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი, როდესაც რეზოლუციებში, საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსიც არ არის სწორად. ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას: „მიაფუჩეჩეს“. გაგიგიათ, ეს.
ერთი ხელის დარტყმით, ხელის მოწერით, თვალის გადავლებით იქნება რეზოლუციები და ფასი ეკარგება. იმდენად არასერიოზული და არასამართლიანი არგუმენტები დგას საფუძვლად, თავადვე აუფასურებს არგუმენტაცია და „ფაქტები“, რომელიც მოტანილია რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა, აუფასურებენ „ფაქტები“, რომელიც მოტანილია რეზოლუციებში“,- აღნიშნავს მდინარაძე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ რეზოლუცია გუშინ, 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.
რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს; მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ბიძინა ივანიშვილზე.
ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება“.

