აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქნესეთმა მიიღო კანონი სპეციალური სამხედრო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე „ჰამასის“ მებრძოლებს გაასამართლებს

ქნესეთმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონი სპეციალური სამხედრო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე „ჰამასის“ მებრძოლებს გაასამართლებს. ტრიბუნალის შექმნას მხარი ქნესეთის 120 დეპუტატიდან 93-მა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

„ეს არის ამ ქნესეთის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ზუსტად ასეთ მომენტებში ვპოულობთ ერთიანობის გზას“, – განაცხადა ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა.

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც იერუსალიმში იმუშავებს, განიხილავს დაახლოებით 300 მებრძოლის საქმეს „ჰამასის“ ელიტური დანაყოფიდან „ნუხბა“, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელზე თავდასხმაში. ტრიბუნალის შემადგენლობაში 15 მოსამართლე შევა.

ინიციატივის ავტორები იყვნენ როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციის დეპუტატები. კანონი მოიცავს 2023 წლის 7-10 ოქტომბრის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის მკვლელობებს, გაუპატიურებებს, გატაცებებსა და ძარცვას. ეს ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები.

კანონი ასევე ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც ამ პერიოდის შემდეგ ჩადენილია ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულ ადამიანებთან, მათ შორის ტყვეობაში დაღუპულ მძევლებთან მიმართებაში.

კანონის ერთ-ერთი მთავარი მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სიკვდილით დასჯა გამოიყენოს არა მხოლოდ მკვლელობებისთვის, არამედ სხვა მძიმე დანაშაულებისთვისაც, მათ შორის, გაუპატიურებისთვის.

გარდა ამისა, კანონში ნათქვამია, რომ სიკვდილმისჯილი ან იმ ბრალდებით გასამართლებული მებრძოლები, რომელთათვისაც სიკვდილით დასჯა შესაძლებელია, მომავალში ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმებებით ვეღარ გათავისუფლდებიან.

კანონის მიხედვით, ტრიბუნალის სხდომები გაიმართება ღია ფორმატში იერუსალიმში და გადაიცემა ტელევიზიით.

ბრალდებულთა უმეტესობა სხდომებში მონაწილეობას მიიღებს დისტანციურად, ციხეებიდან, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს ექნებათ შესაძლებლობა, პროცესებს თვალყური ადევნონ ცალკე დარბაზებიდან ან ონლაინ.

იურისტების შეფასებით, სასამართლო პროცესები რამდენიმე წელს გაგრძელდება.

ცნობისთვის, მარტში ქნესეთმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ტერორიზმში დამნაშავე პირებისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენებას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, ცვლილებები გულისხმობს, რომ სიკვდილით დასჯა ვრცელდება პალესტინელზე, რომელმაც ისრაელელი მოკლა, მაგრამ არა ისრაელელზე, რომელმაც პალესტინელი მოკლა. ამასთან, ამ კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს და არ ვრცელდება 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე პირებზე.

იტვირთბა....