ევროკავშირმა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ ახალი სანქციები დაუწესა 16 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინელი არასრულწლოვნების სისტემატურ უკანონო დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებაზე, იძულებით ასიმილაციაზე, ასევე მათ უკანონო შვილად აყვანასა და რუსეთის ფედერაციასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გადაყვანაზე.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 20500 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განახორციელა.
სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული ფედერალური დაწესებულებები, კერძოდ, რუსული საბავშვო ცენტრები.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირი, კანადა და უკრაინა უხელმძღვანელებენ. შეხვედრაზე მხარეები რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს განიხილავენ.

