აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის – ამ ხალხმა თუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა, მაშინ ეს მათი ძალიან დიდი პრობლემაა, მე მათ ვურჩევდი, გონს მოეგონ” – გიორგი შარაშიძე 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე

შეიძლება მცდელობა იყოს ახალი 4 ოქტომბრის – ამ ხალხმა თუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა, მაშინ ეს მათი ძალიან დიდი პრობლემაა – მე მათ ვურჩევდი, გონს მოეგონ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თარიღების დაანონსება არასწორი მოლოდინების გაჩენის საფუძველს ქმნის და ამ თვალსაზრისით, ეს 4 ოქტომბერს ჰგავს.

„არანაირი კავშირი არ გვაქვს იმ ხალხთან, ვინც 26 მაისს რაღაც ტიპის აქციის მოწყობას აპირებს. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ყოველთვის ქართველ ხალხთან აღვნიშნავდით. წელსაც ასე მოვიქცევით. ნებისმიერი დაპირისპირების შეტანა ამ პროცესში მიუღებელია, მით უფრო, იმ ხალხისგან, ვინც თავად არიან 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები.

26 მაისს რუსთაველზე ყოველთვის გამოდიოდა ხალხი. ამ ხალხის გამიჯვნა და თვლა, ვიღაც თურმე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის დაძახებულზე გამოვიდა და ვიღაცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, არასასიამოვნოა. თქვენ გსიამოვნებთ ხალხის დაყოფა იმ ნიშნით, ვინ რისთვის არის გამოსული 26 მაისს?! შეეძლოთ ნებისმიერი სხვა დღე აერჩიათ. ჩვენთვის მთავარია არა ის, რომელ საათზე გამართავენ აქციას, არამედ ის, რომ ისინი არიან 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის ავტორები და მონაწილეები. ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიედ. თავად არ საუბრობენ, რა მოხდა 4 ოქტომბერს რეალურად და ახალი თარიღების დაანონსება, ბუნებრივია, სრულიად უპასუხისმგებლოა.

ზოგადად, რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდი, ჯერ ვნახოთ, რას გააკეთებენ და რამდენად შეძლებენ ისინი ისეთი მასშტაბური აქციის ორგანიზებას, რომელმაც შეიძლება რაღაც გარდამტეხი როლი ითამაშოს პოლიტიკურ პროცესში და მერე ვისაუბროთ. წინასწარ ბაქი-ბუქს არავის ვურჩევ. ჩვენთვის მთავარია, რომ 26 მაისი დარჩეს ერთიანობის დღედ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ და არ იყოს ხალხში დამატებით კიდევ შეტანილი დაპირისპირება. თარიღების დაანონსება თავად ქმნის არასწორი მოლოდინების გაჩენის საფუძველს. ამ თვალსაზრისით, ეს, რა თქმა უნდა, ჰგავს 4 ოქტომბერს. ჩემთვის ჰგავს 4 ოქტომბერს და ამ ხალხმა თუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ჭკუა, მაშინ ეს მათი ძალიან დიდი პრობლემაა. მე მათ ვურჩევდი, ყველა გონს მოეგონ. ნურავინ ნუ გახდება საზოგადოების დაპირისპირების წყარო და მოტივაცია და ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობით აგოს პასუხი“, – განაცხადა შარაშიძემ.

იტვირთბა....