უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოსკოვი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ იცავს.
მისი თქმით, რუსეთმა დროებითი ზავის დაწყებიდან უკრაინაზე მასიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმების განხორციელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ფრონტის ხაზზე შეტევები არ შეუწყვეტია.
„რუსები აგრძელებენ თავდასხმებს მათთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. ფრონტზე იყო დაბომბვები, შეტევები სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებით. გუშინ და დღეს დაფიქსირდა 150-ზე მეტი შეტევითი მოქმედება, 100-ზე მეტი დაბომბვის შემთხვევა და თითქმის ათი ათასი კამიკაძე დრონით დარტყმა. რუსული არმია ფრონტზე სიმშვიდის რეჟიმს არ იცავს და არც კი ცდილობს ამის გაკეთებას. ჩვენი ყველა უკრაინული ქვედანაყოფი სარკისებურად მოქმედებს და ზუსტად ისე იცავს ჩვენს პოზიციებს, როგორც საჭიროა. რაც შეეხება შორ მანძილზე მოქმედებებს, უკრაინამ ამისგან თავი შეიკავა მას შემდეგ, რაც რუსეთს მასშტაბური შეტევები არ განუხორციელებია. მომავალშიც სარკისებური პრინციპით ვიმოქმედებთ და თუ რუსეთი სრულმასშტაბიან ომს დაუბრუნდება, ჩვენი პასუხი დაუყოვნებლივი და საგრძნობი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გრძელდება ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ახლახან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ, მათ შორის რუსეთ-უკრაინას შორის დაგეგმილ ტყვეების გაცვლაზე, „1000 1000-ის სანაცვლოდ“ მომზადებასთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევმა მოსკოვს ტყვეების სია უკვე გადასცა და ელოდება, რომ ვაშინგტონი ამ შეთანხმების უზრუნველყოფაში დაეხმარება.
„მზადდება ტყვეების გაცვლა „ათასის ათასზე“, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ამერიკელებმა ეს გარანტიები საკუთარ თავზე აიღეს. უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა რუსულ მხარეს ათასკაციანი სიები გადასცა. ამ შეთანხმებაში ამერიკული მხარე შუამავლის როლს ასრულებდა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამერიკული მხარის აქტიურ ჩართულობას ამ შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ამისთვის უკრაინაც მზადაა და ახლა ფორმატის მოძებნაა საჭირო.
„ახლა თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს მზად არის რეალური შეხვედრებისთვის. ჩვენ მას ცოტათი ვუბიძგეთ. ჩვენ დიდი ხანია, მზად ვართ შეხვედრისთვის, ამიტომ საჭიროა შესაბამისი ფორმატის მოძებნა. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება საიმედოდ უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

