რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო დუმის ელექტრონულ ბაზაში.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ალან გაგლოევი 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი პუტინმა და გაგლოევმა შესაბამის ხელშეკრულებას.
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ გაგლოევი პირადად მონაწილეობდა დოკუმენტის შემუშავებაში.
კრემლში გამართულ შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს „დიდ სამშობლოდ აღიქვამს“. გაგლოევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთთან ერთიანობისკენ ნაბიჯს დგამს“.
„თქვენთან ერთად ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ. ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება. ამიტომ, სიამაყით ვარ აღსავსე, რომ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი ვარ“, – თქვა გაგლოევმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „მეომრები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთთან ერთად მონაწილეობენ უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ საომარ ოპერაციაში და იცავენ საერთო მომავალს“.
რუსეთის დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების ტექსტის თანახმად, „მხარეები გეგმავენ შეთანხმებული საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის გატარებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“. ასევე, რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღიარებული იქნება რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები ვალდებულებას იღებენ, მიიღონ ზომები შრომითი კანონმდებლობის, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობის უნიფიკაციისთვის. ასევე, „გადადგამენ ნაბიჯებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ“. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია და ოკუპირებული ცხინვალი გეგმავენ, ეტაპობრივად გადავიდნენ საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთიან წესზე, „მხარეები ასევე გეგმავენ ენერგეტიკული, მათ შორის გაზსატრანსპორტო, სატრანსპორტო სისტემების, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების გაერთიანებას“, – წერია რუსეთის დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

