ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად გაუსწრო ყოველკვირეულ გამოკითხვაში გერმანიის მმართველ ქრისტიან დემოკრატიულ და ქრისტიან სოციალურ ბლოკს 5 პროცენტული პუნქტით,- ამის შესახებ საუბარია სოციოლოგიურ ინსტიტუტ Insa-ს კვლევის შედეგებში, რომელიც გამოცემა Bild am Sonntag-ის დაკვეთით ჩატარდა და 10 მაისს გამოქვეყნდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „ალტერნატივას გერმანიისთვის“ ამჟამად გამოკითხულ გერმანიის მოქალაქეთა 28% უჭერს მხარს, ხოლო ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური ბლოკის რეიტინგი 23%-მდე დაეცა. ეს გერმანელი კონსერვატორების ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო ოთხ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
ამავე კვლევით, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 13%-ი ემხრობა, ანალოგიური მხარდაჭერა ააქვთ „მწვანეებს“. ქრისტიან დემოკრატიული და ქრისტიან სოციალური კავშირი და სოციალ დემოკრატებთან ერთად მხოლოდ 36%-ს აგროვებენ.
„მემარცხენეები“ 11%-ზე დარჩნენ, ხოლო სარა ვაგენკეხტუს ალიანსს და თავისუფალ დემოკრატებს 3% უჭერს მხარს. საერთო ჯამში, ორივე კოალიციურმა პარტნიორმა – ქრისტიან დემოკრატიულმა და ქრისტიან სოციალურმა ბლოკმა და სოციალ დემოკრატებმა 2025 წლის თებერვალში გამართული არჩევნების შემდეგ ხმების დაახლოებით მეხუთედი დაკარგეს.
7 მაისს გამოქვეყნებული ARD Deutschlandtrend-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც Infratest dimap-მა ჩაატარა, გერმანიის მმართველი კოალიციის მუშაობით კმაყოფილთა რაოდენობა წელიწადში 40%-დან 13%-მდე შემცირდა. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ნებისმიერი მთავრობისთვის თანამდებობაზე მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ. რესპონდენტების 86% გერმანიის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. 8 მაისს გამოქვეყნებული ZDF Politbarometer-ის გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად 69% აფასებს, ხოლო პოზიტიურად მხოლოდ 26%. ერთი წლის წინ დადებითი შეფასება გამოკითხულთა 51%-ს ჰქონდა. გერმანიის კანცლერის რეიტინგი ARD Deutschlandtrend-ის მიხედვით ისტორიულ მინიმუმზეა. მისი საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხულთა მხოლოდ 16%, უკმაყოფილო კი 83%.

