იტალიის კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ვენეციის ბიენალეზე პუტინმა გაიმარჯვა. როგორც გაზეთ „კორიერა დე ლა სერასთან“ ინტერვიუში იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა, წლევანდელ ვენეციის ბიენალეზე „პუტინმა გაიმარჯვა“.
ეს განცხადება ალესანდრო ჯიულიმ ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის გახსნის გარშემო არსებული კრიტიკის ფონზე გააკეთა.
ჯიულის თქმით ვენეციის ბიენალეს ორგანიზატორებმა „შეცდომა დაუშვეს“.
„პუტინმა ბიენალეზე გაიმარჯვა. ვენეციის ბიენალეს ხელმძღვანელი რომ ვიყო, რუსული პავილიონის კურატორს ვკითხავდი: „უკაცრავად, სად არის აქ ადგილი რუსი დისიდენტებისთვის?“ ამის ნაცვლად, ყოველ შემთხვევაში, პრესის სტატიების წაკითხვის შემდეგ, მეჩვენება, რომ რუსულ პავილიონში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გამოხატონ სანქციების ქვეშ მყოფი რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება. არ მგონია, რომ ბიენალეს პავილიონში ამჟამად წარმოდგენილი რუსი მხატვრები მოსკოვის აგენტები იყვნენ, რომლებიც შენიღბულნი არიან მხატვრებად, მაგრამ თავისუფალი სამყაროს მხატვრებს ნამდვილად აქვთ უფლება, გამოხატონ მოსაზრება და არ დაეთანხმონ თავიანთ მმართველებს“, – თქვა იტალიის კულტურის მინისტრმა.
როგორც იტალიური მედია წერს, ამ პოზიციას ყველა იტალიელი პოლიტიკოსი არ ეთანხმება. იტალიის ულტრამემარჯვენე ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ ბიენალეს გახსნის წინ, ვენეციაში ვიზიტის დროს რუსეთის პავილიონი მოინახულა და ბიენალეს დირექტორს, ულტრამემარჯვენე პუბლიცისტს, პიეტრანჯელო ბუტაფუოკოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ბუტაფუოკო რუსეთისა და ისრაელის მონაწილეობის ირგვლივ არსებულ „შეუწყნარებლობასა“ და „ცენზურას“ აკრიტიკებდა.
ცნობისთვის, ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 61-ე ბიენალე 9 მაისს გაიხსნა. ამას წინ უძღოდა გამოფენაში რუსეთისა და ისრაელის მონაწილეობის საწინააღმდეგო აქციები.
გახსნამდე ერთი დღით ადრე რუსეთისა და ისრაელის პავილიონების გახსნის გარშემო კრიტიკის გამო ბიენალეს ჟიურიმ რუსეთი და ისრაელი ჯილდოების კანდიდატთა სიიდან გამორიცხა და თავადაც გადადგა.
ბიენალეს ტრადიციული ოფიციალური გახსნის ცერემონიალი აღარ გაიმართა. ჟიურის არარსებობის გამო გამარჯვებულებს წელს მაყურებელი გამოავლენს, ხოლო ჯილდოები მხოლოდ ნოემბერში, ბიენალეს ოფიციალური დახურვის შემდეგ გაიცემა.
გახსნის წინა დღეს ვენეციაში ჯგუფ Pussy Riot-ის წევრებმა და უკრაინულმა მოძრაობამ, Femen-მა რუსეთის პავილიონთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ მოითხოვეს, რომ ვენეციის ბიენალეზე რუსეთი პროუკრაინული შეხედულებების მქონე პოლიტპატიმრებმა წარმოადგინონ.
რუსეთი თანამედროვე ხელოვნების ამ უდიდეს საერთაშორისო გამოფენაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობს.
ცნობისთვის, ორგანიზატორებმა რუსეთის პავილიონი მხოლოდ 6-8 მაისს გახსნეს მოწვეული სტუმრებისთვის. 9 მაისიდან, როდესაც ბიენალე ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა, რუსეთის პავილიონი დახურეს.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, დაეშვათ რუსეთი ბიენალეზე, ევროკავშირისა და უკრაინის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ევროკომისიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციებს არღვევს.
რუსეთის პავილიონს ბიენალეზე მართავს კომპანია Smart Art-ი, რომელიც ეკატერინა ვინოკუროვამ და ანასტასია კარნეევამ დააფუძნეს. კარნეევა გადამდგარი გენერლისა და სახელმწიფო სამხედრო კონგლომერატის, „როსტეხის“ დირექტორის მოადგილის შვილია, ვინოკუროვა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ქალიშვილი.

